King Rostevan hears of Avt'handil's Secret Flight
Rostevan discovers Avtandil's flight through Shermadin, who delivers the written testament; the king, after initial fury, commands his court to mourn, pray for Avtandil's safe return, and care for the poor.
Sources & Edition
EnglishMarjory Scott Wardrop translation, 1912 · Public Domain
Georgianka.wikisource.org (stanzas 1–968) · aura.ge (stanzas 969–)
IllustrationMihály Zichy, 1888 illustrated edition — Public Domain (Wikimedia Commons)
~9 min · 17 stanzas
Tap ★ for focus mode — hide header and bar for reading.
Zichy, 1888
Mihály Zichy, 1888 illustrated edition — Public Domain (Wikimedia Commons)
813
აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა.
არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა;
რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,
ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.
814
რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული,
როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული
მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული,
აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.
815
“თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?
მართლად უთქვამს მეცნიერთა: «წყენააო ჭირთა ბადე»;
ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე,
აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე”.
816
კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი,
რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი:
“შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი!
კვლა ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”
817
რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი,
მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.
მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,
ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მისცა ვინანი”.
818
რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის;
კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის;
როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის;
თქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.
819
თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,
უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი,
მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!”
რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.
820
კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად;
მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?”
მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად:
“მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!”
821
რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი;
მოთქვამს, იტყვის: “ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! -
პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი, -
სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!
822
“თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები,
მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები!
გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები,
შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!
823
“ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?
ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,
ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა,
აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?
824
“ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომმცა დია ირები:
შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები,
ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები,
მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”
825
ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა,
დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა,
იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა;
თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!”
826
რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა,
უთხრა: “ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!
რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა,
სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?”
827
ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად.
მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?”
მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად,
ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.
828
მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი;
დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი;
იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი.
მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”
829
რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი;
მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,
ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი,
შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცნეს გზანი!”